ოლაფ შოლცი გერმანიაში პოლიტიკოსებზე გახშირებულ თავდასხმებს გმობს
ოლაფ შოლცი გერმანიაში პოლიტიკოსებზე გახშირებულ თავდასხმებს გმობს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მკაცრად დაგმო პოლიტიკოსებზე თავდასხმები, რომლებიც გერმანიაში ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა.

ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკანასკნელი მსგავსი ინციდენტის დროს დაშავდა შოლცის თანაპარტიელი, ბერლინის ყოფილი მერი ფრანცისკა გიფეი, რომელსაც საჯარო ბიბლიოთეკაში დაესხნენ თავს. გავრცელებული ცნობით, 74 წლის მამაკაცმა პოლიტიკოსს თავში ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც მძიმე საგანი იდო. თავდამსხმელი დაკავებულია.

„თავდასხმა ფრანცისკა გიფეიზე და სხვა პოლტიკოსებზე აღმაშფოთებელი და ლაჩრულია. დემოკრატიულ დებატებში ძალადობის ადგილი არ არის. წესიერი, გონიერი ადამიანები მკაფიოდ ეწინააღმდეგებიან ამას და ისინი არიან უმრავლესობაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მანამდე გერმანიაში პოლიტიკოსებზე გახშირებული თავდასხმების გამო ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებმა საგანგებო თათბირი გამართეს და პოლიციას მოუწოდეს, პოლიტიკური ფიგურების დაცვა გაძლიერდეს.

ცნობისთვის, გასულ კვირაში გერმანიის ქალაქ დრეზდენში თავს დაესხნენ გერმანელ ევროპარლამენტარს, მათიას ეკეს, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილია 17-18 წლის ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან არიან დაკავშირებული.