ოლაფ შოლცი – დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა ამაზრზენია. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები თავდასხმის შედეგად ყველა დაზარალებულთანაა. ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, – წერს გერმანიის კანცლერი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.
The attack on US presidential candidate Donald Trump is despicable. I wish him a speedy recovery. My thoughts are also with all of those who were affected by the attack. Such acts of violence threaten democracy.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) July 14, 2024