ოლაფ შოლცი - დასავლეთმა რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების დეესკალაციისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა მოითხოვოს
დასავლეთმა რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების დეესკალაციისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა მოითხოვოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ევროპულ სამეზობლოში არსებულ კრიზისებზე, უკრაინის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე. ეს გვადარდებს და ეს ძალიან სერიოზულია. სხვაგვარად ამას ვერ აღწერ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ მკაფიო ნაბიჯები რუსეთისგან ამ ვითარების დეესკალაციისთვის. ასევე, ცხადია: უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმეა, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ მსგავსი მოვლენების თავიდან აცილება, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველას დაგვაზარალებს“, – განაცხადა შოლცმა.
თავის მხრივ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა რუსეთს უკრაინის საზღვარზე ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ნატო-სა და ევროკავშირის წევრებმა მოუწოდონ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საზღვრების პატივისცემისკენ.