ოლაფ შოლცი - დასავლეთი უნდა მოერიდოს საჩვენებელ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მხოლოდ სახელწოდებად აქვს „სამშვიდობო“
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება „წარმოსახვითი“ არ უნდა იყოს. როგორც გერმანული მედია წერს, ეს განცხადება შოლცმა ბერლინში, კათოლიკური საზოგადოების კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, დასავლეთი უნდა მოერიდოს საჩვენებელ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მხოლოდ სახელწოდებად აქვს „სამშვიდობო“.
„უკრაინელები ყოველდღე იცავენ სამშობლოს, საკუთარ სიცოცხლეს იმპერიული, ისტორიულად დაბრმავებული, კრემლის მმართველების ფანტაზიებისგან. უკრაინელები ასევე მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც მიუთითებს ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა“, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გავლენიანი სახელმწიფოების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა მოხერხდა, რომლებიც ახლა უკრაინაში დარეგულირების საბაზისო პრინციპებზე მუშაობენ.
„ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს, რადგანაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში დაბომბვებს, წამებას და მკვლელობებს“, – განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და გერმანია კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს, ვიდრე ეს იქნება საჭირო.
„ეს აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური და სტრატეგიული, არამედ სამშვიდობო-ეთიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.