ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის წინადადებას ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის წინადადებას ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებას ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში.

„მივესალმები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებას. ბირთვული შემაკავებელი საშუალებების გარდა, ჩვენ განვიხილავთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, ასევე კიბერ, კოსმოსურ და მაღალი სიზუსტით დარტყმის შესაძლებლობებს“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ ექნება საკუთარი ბირთვული იარაღი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მზად არის, „გახსნას დებატები“ ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დებატები უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც ბირთვული იარაღი ან ამერიკული ბირთვული შეიარაღება თავიანთ ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული.