ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს

გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უფრო მეტ მეთვალყურეს გააგზავნის სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით.

ამასთან, როგორც ოლაფ შოლცმა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეშფოთებულია რეგიონში დღეს არსებული სიტუაციის გამო. მისი თქმით, აუცილებელია „სიცოცხლისუნარიანი გამოსავლის“ პოვნა კონფლიქტის დასარეგულირებლად, რაც უნდა მოხდეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების დაცვის საფუძველზე.

პრესკონფერენციაზე შოლცმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აუცილებლობაზე.

„ცხადია, ჩვენ ვახდენთ ეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემების გაცნობა და კორელაციების აღწერა, არამედ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს სანქციებს გვერდს არ აუვლიან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და იმედი გვაქვს, ეს ჩვენი წესები დაცული იქნება“, – განაცხადა შოლცმა.