ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოებამდე, ორგანიზაციაში გაწევრიანების სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი.

კერძოდ, შოლცი წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საგარეო და საგადასახადო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ერთსულოვანი კენჭისყრით, არამედ ხმათა უმრავლესობით.

გარდა ამისა, შოლცის თქმით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებამდე უნდა განიხილებოდეს ევროკომისიის ზომა და ევროპარლამენტში მანდატების განაწილება.

„ევროკავშირს არ შეუძლია, უბრალოდ გააფართოოს კომისია და გამოიგონოს ახალი სამინისტროები“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრები, რომლებიც „დღეს წმინდა გადახდებს იღებენ, არ შეიძლება, მოელოდნენ, რომ ასე იქნება მომავალში“. შოლცის თქმით, როდესაც ახალი, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნები შეუერთდებიან ევროკავშირს, ამჟამინდელ წევრებს ასევე მოუწევთ, წვლილი შეიტანონ დაფინანსებაში.