„ოლ სტარს“ ორი სუპერვარსკვლავი გამოაკლდა - შეხვედრას ემბიდი და სიმონსი გამოტოვებენ #1TVSPORT
22:09, 07.03.2021
8 მარტს გამთენიისას „ოლ სტარის“ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან. ცნობილი გახდა, რომ ბენ სიმონსი და ჯოელ ემბიდი ამ შეხვედრას გამოტოვებენ. როგორც The Athletics-ის ჟურნალისტი შემსჩარანია იუწყება, კალათბურთელები ატლანტაში წასვლამდე დალაქთან იყვნენ, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.
76ers All-Stars Joel Embiid and Ben Simmons have officially been ruled out of the All-Star Game due to contact tracing.
წყაროს ცნობით, არცერთ მათგანს „ოლ სტარის“ მონაწილე კალათბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სიქსერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი, რომელიც ამ შეხვედრაში კევინ დურანტის გუნდს უდგას სათავეში, თავის კალათბურთელებს ჩვეულებრივად უხელმძღვანელებს.
ემბიდი კევინ დურანტის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, სიმონსი კი ლებრონ ჯეიმსს ჰყავდა თავის გუნდში არჩეული. მაგრამ ფაქტია, რომ ეს სანახაობრივი შეხვედრა კიდევ ორი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაივლის. კამერუნელ კალათბურთელს ზაიონ უილიამსონი შეცვლის, რომლისთვისაც ეს „ოლ სტარის“ პირველი შეხვედრა იქნება.
ბენ სიმონსი ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება, მის ანგარიშზე საშუალოდ 16.1 ქულა, 7.9 მოხსნა და 7.6 პასია. რაც შეეხება ემბიდს, კამერუნელი ლიგის MVP-ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ის საშუალოდ 30.2 ქულას და 11.6 მოხსნას აგროვებს.