„ოლ სტარს“ ორი სუპერვარსკვლავი გამოაკლდა - შეხვედრას ემბიდი და სიმონსი გამოტოვებენ #1TVSPORT
„ოლ სტარს“ ორი სუპერვარსკვლავი გამოაკლდა - შეხვედრას ემბიდი და სიმონსი გამოტოვებენ #1TVSPORT

8 მარტს გამთენიისას „ოლ სტარის“ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან. ცნობილი გახდა, რომ ბენ სიმონსი და ჯოელ ემბიდი ამ შეხვედრას გამოტოვებენ. როგორც The Athletics-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, კალათბურთელები ატლანტაში წასვლამდე დალაქთან იყვნენ, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

წყაროს ცნობით, არცერთ მათგანს „ოლ სტარის“ მონაწილე კალათბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სიქსერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი, რომელიც ამ შეხვედრაში კევინ დურანტის გუნდს უდგას სათავეში, თავის კალათბურთელებს ჩვეულებრივად უხელმძღვანელებს.

ემბიდი კევინ დურანტის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, სიმონსი კი ლებრონ ჯეიმსს ჰყავდა თავის გუნდში არჩეული. მაგრამ ფაქტია, რომ ეს სანახაობრივი შეხვედრა კიდევ ორი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაივლის. კამერუნელ კალათბურთელს ზაიონ უილიამსონი შეცვლის, რომლისთვისაც ეს „ოლ სტარის“ პირველი შეხვედრა იქნება.

ზაიონ უილიამსონი შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს

ბენ სიმონსი ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება, მის ანგარიშზე საშუალოდ 16.1 ქულა, 7.9 მოხსნა და 7.6 პასია. რაც შეეხება ემბიდს, კამერუნელი ლიგის MVP-ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ის საშუალოდ 30.2 ქულას და 11.6 მოხსნას აგროვებს.

დატოვე კომენტარი