ოლ ბლექსის კაპიტანი სანაკრებო კარიერას ნოემბერში დაასრულებს
ოლ ბლექსის კაპიტანი სანაკრებო კარიერას ნოემბერში დაასრულებს

ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის კაპიტანი კირან რიდი სანაკრებო კარიერას წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაამთავრებს. 33 წლის მოთამაშეს ოლ ბლექსის შემადგენლობაში 118 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთაგან გუდმა მხოლოდ 14 წააგო. გარდა ამისა, რიდი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია – 2011 და 2015 წლებში.

ცნობილი ხდება ასევე, რომ საკლუბო დონეზე რიდი ქრუსეიდერსს დატოვებს და იაპონურ ტოიოტა ვერბლიცში გადავა, და ესეც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.

„იაპონია ჩემს სახლთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროპა და ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ახალზელანდიელთა რვა ნომერი.

თავისი სადებიუტო მატჩი ოლ ბლექსის შემადგენლობაში რიდმა 2005 წელს, შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა, 2015 წელს კი, როდესაც რიჩი მაკკო სპორტიდან წავიდა, გუნდის კაპიტანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გასტანს, ოლ ბლექსი კი პირველ მატჩს 21 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს.