ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ბიძა აცხადებს, რომ უერთდება ცენტრი „ემპათიას“ ინიციატივას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე 
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ბიძა აცხადებს, რომ უერთდება ცენტრი „ემპათიას“ ინიციატივას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე 

ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ბიძა გივი უზარაშვილი აცხადებს, რომ ოჯახს არ სჯერა ვერსიის, რომ  ირაკლიმ თავი მოიკლა. მისი ვარაუდით, ირაკლი კვარაცხელია ცემაში შემოაკვდათ და კვალის დასაფარად, თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს.

ოჯახი დამნაშავე პირების იდენტიფიცირებასა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოების შესახებ ცენტრი „ემპათიას“ ინიციატივას მიესალმება.

ირაკლი კვარაცხელია ხურჩა- ნაბაკევის გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 10 მარტს დააკავეს. 11 მარტს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კვარაცხელიამ საკანში თავი მოიკლა. მას შემდეგ რაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სოხუმში შეხვდნენ, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს გადასცეს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა. მანამდე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა სოხუმში ჩაუტარდა და სხეულზე არ იყო ძალადობის კვალი. აფხაზური მხარის ამ დასკვნებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ცენტრმა „ემპათიამ” ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მოითხოვენ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე ევროპის საბჭოს წარმომადგენელები ჩავიდნენ, რათა საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე გაეცნონ იქ არსებულ ვითარებას. ცენტრის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება არ შეესაბამება პატიმრობის არც ერთ სტანდარტს.