ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილმა ქალმა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო დატოვა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეორე პაციენტი, 50 წლამდე ასაკის ქალი გაწერეს.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ამბობს, პაციენტს კორონავირუსზე განმეორებით ორი ტესტი ჩაუტარდა ლუგარის ლაბორატორიაში და ორივე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
საავადმყოფოს დატოვების მიუხედავად, ქალს ორი კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს, ამიტომ პაციენტი კარანტინში გადაიყვანეს.
50 წლამდე ქალი 30 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. მას იმ დღესვე გაუკეთდა ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე და პასუხი დადებითი იყო.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ორი პაციენტი მკურნალობდა. 67 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა და ის სახლში იმყოფება თვითიზოლაციაში.