ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ოპოზიონერმა დეპუტატებმა დე ფაქტო პარლამენტში მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ოპოზიონერმა დეპუტატებმა დე ფაქტო პარლამენტში მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ოპოზიონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დე ფაქტო პარლამენტში მუშაობას არ გააგრძელებენ, სანამ პასუხისგებაში არ მიეცემა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი და ე.წ. გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი. ინფორმაციას ამის შესახებ „კავკაზ. რეალიი“ ავრცელებს.

ე.წ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ნანიევი და ჯაგაევი ადამიანის უფლებების მრავალ ფაქტში არიან დამნაშავეები, მათ შორის მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ინალ ჯაბიევის სიკვდილზე.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბიბილოვმა განაცხადა, რომ ათი დღის განმავლობაში განიხილავს გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხს, როგორც ჩანს, ის ამის გაკეთებას არ აპირებს“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, დავიდ სანაკოევმა.

ე.წ. დეპუტატების ბოიკოტის შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ახალი ე.წ. მთავრობის დამტკიცება ვერ მოხერხდება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ.

საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა.