ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ პირველ არხს განუცხადა.

„დიახ, მე ვნახე ვიდეო და, ალბათ, თქვენც ნახეთ. ჩვენს ვიდეოში მხოლოდ ადამიანების სილუეტებს ვხედავთ. ადამიანები მოდიან, ვიღაც ვარდება, ვიღაც ისვრის. ჩვენ არ ვამართლებთ ძალადობას. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ დაიღუპა ქართველი და ყველა ბედნიერია აფხაზეთში. ეს ასე არ არის. აღძრული იყო საქმე და ის დაკავებული იყო, მაგრამ ადამიანის დაპატიმრებისთვის საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.

სურვილი რომ არ გვქონოდა, მაშინ საქმესაც არ აღვძრავდით. დიახ, დღეს ის იმყოფება აფხაზეთში. მესმის, რომ ინტერპოლით იძებნება, მაგრამ ამ პრინციპით ყველა შეიძლება ინტერპოლის სიაში მოხვდეს. იქ მოხვდნენ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანებიც, ამიტომ არავინაა დაზღვეული ამ სიაში მოხვედრისგან“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მისი თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოითხოვეს, თუმცა, მისი მტკიცებით, გადმოცემულ მასალებში მოწმეების სახელები და კონკრეტული მონაცემები წაშლილი იყო.

„აქაც მინიმუმ ორჯერ დავასახელე ის ვადა, როდის შეწყდებოდა აფხაზეთში აღძრული საქმე. ჩვენ სამჯერ გავუხანგრძლივეთ ამ პირს დაკავების ვადა“, – განაცხადა დაურ კოვემ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სია მათთვის მიუღებელია.

„საქართველოში შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ სიის შედგენა პროცესს არ წაადგებოდა და დაძაბავდა სიტუაციას. როდესაც ვნახეთ, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში უკვე კონკრეტული გვარები ჩაიწერა და მოხვდა იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც ათი წელია, არ არიან ცოცხლები, მაშინ ვიფიქრეთ და შესაძლოა, ეს ჩვენი აღქმაა, რომ სიტუაციის დაძაბვა ხდება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სია ჩვენთვის მიუღებელია. სანამ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში გვარები არ ჩაიწერა, მანამდე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობდა და ოთხოზორიას საკითხზეც იყო საუბარი. ჩვენი პოზიციაა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე არ იყოს ცალკე საკითხად ოთხოზორიას თემა. ჩვენ მზად ვართ, რომ ქართულმა მხარემ განიხილოს ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, მაგრამ იმ საკითხის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება “ადგილზე სიტუაციის მიმოხილვა“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის განახლება ხვალვე არ არის შესაძლებელი, თუმცა დაურ კოვე მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

„ჟენევის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი ვეძებოთ. საქართველოსთვის და აფხაზეთისთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანი არ არის და არ ვართ მიმართული ჩაშლისკენ. არის ისეთი სიტუაცია შექმნილი, რომ ტექნიკური ხასიათის რამდენიმე შეხვედრა უნდა გავმართოთ“, – განაცხადა დაურ კოვემ.