ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნას უკანონოს უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნას უკანონოს უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ „საკასაციო სასამართლომ“ განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით, არეულობის ფონზე მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია „პრესსამსახურის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ისედაც რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

„გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავებისა და უზენაესი სასამართლოს შენობის ფაქტობრივად, ალყაში მოქცევის პირობებში. ასეთი ზეწოლის გათვალისწინებით, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს ჰქონდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების პირობები. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ საჩივრის განხილვა ზედამხედველობის წესით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაციას სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, – ნათქვამია რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული. ხაჯიმბას ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი გასაჩივრების შანსი ზედამხედველობის წესით არსებობს, თუმცა ეს გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.