ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი „ოპოზიციის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი „ოპოზიციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი „ოპოზიციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვალერი ბგანბამ და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.

შეხვედრა „პარლამენტის“ შენობაში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ კი ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო, რაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის იმედს აძლევს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.