ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში საკვების 10 დღის მარაგი დარჩათ
ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში საკვების 10 დღის მარაგი დარჩათ

ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო განათლების სამინისტროს სკოლამდელი, ზოგადი და დამატებითი განათლების სამმართველოში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების 10 დღის მარაგია.

ამასთან, როგორც დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ნინა ჯიოევამ ადგილობრივ სააგენტოს განუცხადა, მცირე შეფერხებებია სკოლის სასადილოების მომარაგებაში, კერძოდ, არის კვერცხისა და არაჟნის ნაკლებობა.

ოსური მედიის ცნობით, საკვები პროდუქტების დეფიციტი არ იგრძნობა ოკუპირებული ცხინვალის მთავარ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში სურსათის დეფიციტია. ტვირთები რუსეთის საზღვარზე ფერხდება, რადგან საბაჟოზე მეწარმეებს დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებას სთხოვენ. აღნიშნულს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. მებაჟეები საქონლის გაფორმებას საბაჟო კავშირის წესების მიხედვით ითხოვენ, რაც დამატებით დოკუმენტებთან და თანხებთან არის დაკავშირებული.

ამას გარდა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, თითოეული დასახელების პროდუქციის შემოტანისთვის მათ 300 რუბლის გადახდა უწევთ. ადგილობრივი მეწარმეები უკვე შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.