ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. 38 წლის ადგურ არძინბა, რომელიც 2015 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს, 56 წლის ასლან ბჟანია პარლამენტის წევრი და 59 წლის ლეონიდ ძაპშბა ყოფილი შსს მინისტრი.

საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა. არჩევნებზე დაკვირვებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან ჩასული დამკვირვებლები აწარმოებენ, ისევე როგორც რუსეთის საელჩოს თანამშრომლები. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან 13 იანვარს ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. მას შემდეგ რაც, 10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.