ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ს.ბ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად,  ბრალდებული ნ.ჩ-ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.  2017 წლის იანვარში,  ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რამაც  დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ასევე ს.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი  შიში გაუჩნდა.

სასამართლო სხდომებზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით  სასამართლომ ს.ბ  დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად  ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი  ს.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის  სასჯელის მაქსიმალურ ზომად ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.