ოფიციალურად – ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.
ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.
54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა.
ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.
ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.
𝗭𝗜𝗡𝗘𝗗𝗜𝗡𝗘 𝗭𝗜𝗗𝗔𝗡𝗘, 𝗡𝗢𝗨𝗩𝗘𝗔𝗨 𝗦𝗘́𝗟𝗘𝗖𝗧𝗜𝗢𝗡𝗡𝗘𝗨𝗥 𝗗𝗘 𝗟’𝗘𝗤𝗨𝗜𝗣𝗘 𝗗𝗘 𝗙𝗥𝗔𝗡𝗖𝗘 🐓🇫🇷 pic.twitter.com/5ocGyYETNm
— Equipe de France ⭐⭐ (@equipedefrance) July 28, 2026