ოფიციალურად - ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და პარაგვაი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმ ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. განაცხადის პრეზენტაცია მონტევიდეოში „სენტენარიოს“ სტადიონზე ფეხბურთის მუზეუმში შედგა.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ სამხრეთამერიკელთა კონკურენტი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან, რომლებიც ასევე აპირებენ ერთობლივი განაცხადის შეტანას. გამარჯვებულს 2024 წელს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) 74-ე კონგრესზე გამოავლენენ.
2030 წელს ზუსტად 100 წელი შესრულდება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარებიდან, მაშინ ტურნირს ურუგვაიმ უმასპინძლა. 1962 და 1978 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები, შესაბამისად, ჩილესა და არგენტინაში გაიმართა. პარაგვაის ამ ტურნირისთვის არასოდეს უმასპინძლია.