ოფიციალურად - სერხიო რამოსი „რეალს“ ტოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - სერხიო რამოსი „რეალს“ ტოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ გამოვიდა ოფიციალური განცხადებით იმის შესახებ, რომ 17 ივნისს გაიმართება ცერემონია, რომელიც კლუბიდან სერხიო რამოსის წასვლას მიეძღვნება.

ღონისძიებაზე თავად რამოსის გარდა, იქნება მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. შემდეგ გაიმართება ფეხბურთელის პრესკონფერენცია, რომელიც დედაქალაქურ კლუბში 2005 წლიდან თამაშობდა.

35 წლის რამოსის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და მხარეებმა ვერ შეძლეს ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება.

„რეალის“ რიგებში სერხიო რამოსმა 671 მატჩი ჩაატარა, 101 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ გახდა უეფას სუპერთასის მფლობელი და ოთხჯერ გაიმარჯვა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.