ოფიციალურად – მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

23:40, 16.10.2026

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „გალათასარაიში““, – ასეთი ტექსტით იწყება თურქული კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდის პოსტი.

იქვე ვკითხულობთ: „„გალათასარაის“ საკალათბურთო გუნდმა შეთანხმებას მიაღწია მანუჩარ მარკოიშვილთან, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს​.

მას „გალათასარაის“ ყვითელ-წითელი ფორმით კალათბურთელობისას უკვე მოუპოვებია ჩემპიონის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა წამყვან ევროპულ კლუბებში.

მანუჩარ მარკოიშვილი დაიბადა 1986 წლის 17 ნოემბერს თბილისში (საქართველო). კარიერის განმავლობაში თამაშობდა ევროპის ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიცაა: „ბენეტონ ტრევიზო“, „უნიონ ოლიმპია“, „კანტუ“, „გალათასარაი“, მოსკოვის ცსკა და „დარუშაფაკა“. სათამაშო კარიერის განმავლობაში გახდა იტალიის, სლოვენიის, თურქეთისა და რუსეთის ჩემპიონი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2004-დან 2017 წლის ჩათვლით.

მარკოიშვილი „გალათასარაის“ 2012–2013 წლების სეზონის შუა პერიოდში შეუერთდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის მიერ 2013 წელს თურქეთის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონობის მოპოვებაში. იგი ასევე იყო იმ შემადგენლობის ნაწილი, რომელმაც 2013–2014 წლების სეზონში ევროლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა: მუშაობდა მთავარ მწვრთნელად საკალათბურთო კლუბ „ტიტებში“, მოგვიანებით კი „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. „მონაკოში“ მუშაობისას მან ევროლიგაში ღირებული გამოცდილება მიიღო და წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებებში, მათ შორის, საფრანგეთის ჩემპიონატის, საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის სუპერთასის მოგებაში.

2026 წელს მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაწინაურდა. გარდა ამისა, იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებს“.

მსგავსი