„კორტრეიკმა“ 18 წლის ცოტნე ბენდიანიშვილი დაიმატა - ის ბელგიაში აღზრდილი ქართველია [ვიდეო] #1TVSPORT

ბელგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა „კორტრეიკმა“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა ცოტნე ბენდიანიშვილს, რომელიც კლუბის აკადემიის აღზრდილია.

„ახალგაზრდული აკადემიის პროდუქტი“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ბელგიურმა კლუბმა წერილი ქართველ ნახევარმცველზე.

„ცოტნე ბენდიანიშვილმაკორტრეიკთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ერთწლიანია. ცოტნე ბენდიანიშვილი 18 წლისაა. ის ოთხი წლიდან „კორტრეიკის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ეროვნებით ქართველია“, – წერს კლუბის პრესსამსახური.

ბენდიანიშვილმა კლუბის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. მალე გუნდთან ერთად ახალი სეზონში თამაშს მეც დავიწყებ“.

ცოტნემ მოკლედ გაიხსენა, კლუბის აკადემიაში გატარებული პერიოდი.

„ოთხი წლის ასაკიდან ამ გუნდში ვარ. როდესაც თორმეტი წლის ვიყავი, ცოტა ხნით „გენტში“ გადავედი, მაგრამ შემდეგ ისევ „კორტრეიკში“ დავბრუნდი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ“.

ბენდიანიშვილი ნახევარმცველია. ის გარკვეული პერიოდია, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ასევე ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური მატჩი. მან საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში 3-3 მატჩი ითამაშა.

18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „კორტრეიკში“ ჯერ ერთადერთი გოლი გაიტანა – „ანტვერპენის“ ასაკობრივ გუნდთან ბელგიის ასაკობრივი თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც მისმა კლუბმა მოიგო.