ოფიციალურად - ჰოლანდიის გრანპრი „ფორმულა 1“-ში ოფიციალურად ბრუნდება
35-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლანდიაში „ფორმულა 1“-ის გრანპრი ბრუნდება. 2020 წელს, „სამეფო რბოლების“ კალენდარში შეტანილი იქნება ჰოლანდიის ეტაპი.
ბოლოს, ზანდვორტის ტრასამ „ფორმულა 1″-ის პილოტებს 1985 წელს უმასპინძლა. მაშინდელი გრანპრის გამარჯვებული ნიკი ლაუდა გახდა.
ცნობილია, რომ რბოლა მაისის დასაწყისში გაიმართება და კალენდარში ესპანეთის გრანპრის ადგილს დაიკავებს. ბარსელონას ტრასის მფლობელებს დღემდე არ გაუფორმებიათ კონტრაქტი მომავალი წლისთვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰოლანდიის გრანპრი კალენდარში მინიმუმ სამი წლით დარჩება.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, 2020 წლის კალენდარში ვიეტნამის გრანპრიც შეიტანეს, რომელიც ჰანოიში გაიმართება.