ოფიციალურად - გაბრიელ სიგუა შვეიცარიის „ბაზელში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისსა“ და „ბაზელს“ შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი კარიერას შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
სიგუასა და „ბაზელს“ შორის ხუთწლიანი კონტარქტი გაფორმდა – ქართველი ნახევარმცველი შვეიცარიაში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გაბრიელ სიგუა დინამოს აკადემიის აღზრდილია, იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე, „სამტრედიის“ წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში, ნახევარმცველმა „ლურჯ-თეთრების“ რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ სიგუამ პირველი კომენტარი „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ „ბაზელთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმე. „ბაზელი“ შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული კლუბია. დარწმუნებული ვარ, აქ თამაში ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და განვითარებაში დამეხმარება – ეს კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების შესანიშნავ შანსს აძლევს“.