ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერის გაშვების შესახებ. 47 წლის სპეციალისტი კლუბში გასული წლის სექტემბრიდან მუშაობდა. პოტერის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ 31 მატჩი ჩაატარა, 12 მოიგო, 11 წააგო და რვაჯერ ფრედ ითამაშა.
დროებით გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ბრუნო სალტორი შეასრულებს.
„კლუბში ყველა ადამიანის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ გრემს გაწეული სამუშაოსთვის. დიდ პატივისცემას გამოვხატავთ მისი, როგორც მწვრთნელის, ასევე ადამიანის მიმართ. ის ყოველთვის პროფესიონალ და პატიოსან ადამიანად რჩებოდა და ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ ასეთი შედეგით.
ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებთან ერთად მხარს დავუჭერთ ბრუნოსა და მის გუნდს. ჩვენ გვრჩება 10 მატჩი პრემიერლიგაში და მეოთხედფინალი ჩემპიონთა ლიგაზე. მაქსიმუმს გავიღებთ თითოეულ შეხვედრაში, რათა სეზონი მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ“, – წერია „ჩელსის“ მფლობელის, ტოდ ბოელის განცხადებაში.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „ჩელსიმ“ შინ 0:2 წააგო „ასტონ ვილასთან“ და 29 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა.