ოფიციალურად - არდა გიულერი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ოფიციალურად - არდა გიულერი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 18 წლის თურქი ფეხბურთელი არდა გიულერი კარიერას „სამეფო კლუბში“ გააგრძელებს.

არდა გიულერი თურქული „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში 2021 წლის აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ ევროპის არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. გიულერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ის „ფენერბახჩეს“ 2022/23 წლის სეზონში თურქეთის თასის მოგებაშიც დაეხმარა და ფინალური მატჩის MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.

17 წლის ასაკში არდა გიულერს დაბიუტი ჰქონდა თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც. მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით უკვე ოთხჯერ ითამაშა და უელსის ნაკრების კარში გოლის გატანაც მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, არდა გიულერის ტრანსფერი მადრიდის „რეალს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა სხვადასხვა ბონუსს მისი ოჯახიც მიიღებს. 2005 წელს დაბადებული თურქი ფეხბურთელი ესპანურ გრანდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო წლებში სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას უკავშირდება. მიმდინარე ზაფხულში კლუბმა უკვე შეიძინა 20 წლის ჯუდ ბელინგემი და 23 წლის ფრან გარსია.