ოფიციალურად - ანდრეი დემჩენკომ ბათუმის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად - ანდრეი დემჩენკომ ბათუმის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკოა. უკრაინელმა სპეციალისტმა კლუბთან ხელშეკრულება სამი წლის ვადით გააფორმა, – ინფორმაციას ბათუმელთა პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება. უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გავაფორმეთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ანდრეი დემჩენკო საფეხბურთო კარიერის მანძილზე თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად. გამოდიოდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, მოსკოვის ცსკა-ში, ამსტერდამის „აიაქსში“ და სხვა გუნდებში. „აიაქსში“ თამაშისას, 1995 წელს, უეფა-ს სუპერთასის ფინალში „სარაგოსას“ გოლიც გაუტანა.

კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წელს სამოყვარულო გუნდში, „იმექსში“ (ზაპოროჟიე) მოთამაშე და მწვრთნელი ერთდროულად იყო. მომდევნო წელს შეუერთდა „მეტალურგის“ სამწვრთნელო სტაფს, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ გუნდს. 2013 წლის აპრილში დაიწყო უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის მოსაპოვებლად სწავლა ანდრეი შევჩენკოსთან ერთად.

2017 წლის მარტიდან უზბეკეთის „ობოდს“ ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში გუნდი დაიშალა. ამის შემდეგ დემჩენკო მუშაობდა „ვერესკსა“ და ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში, სადაც ჯერ ასისტენტი იყო, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელი გახდა.

ანდრეი დემჩენკო საქართველოში გორის „დილას“ 2021 წლიდან წვრთნიდა. Geo team-ის ცნობით, უკრაინელი მწვრთნელი ფეხბურთელებს დღევანდელ ვარჯიშზე დაემშვიდობა, ბათუმის „დინამომ“ კი ანდრეი დემჩენკოს კონტრაქტი 25 000 ევროდ გამოისყიდა.