ოდისეი ვლახოდიმოსი - საბერძნეთის ნაკრებმა აჩვენა, რა შეუძლია #1TVSPORT
„ნოტინგემ ფორესტის“ და საბერძნეთის ნაკრების მეკარემ, ოდისეი ვლახოდიმოსმა Gazzetta-სთან ინტერვიუში ყაზახეთთან გამარჯვებასა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს წინააღმდეგ მოახლოებულ თამაშზე ილაპარაკა.
„რა იყო ყაზახეთთან ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების გასაღები? ყველამ ვიცოდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა იქნებოდა. ჩვენ გვინდა ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
ვფიქრობ, თამაში კარგად ჩავატარეთ, ჩვენმა გამარჯვებამ კითხვა არავის დაუტოვა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა შეგვიძლია, როგორც გუნდს და ამის ჩვენება კიდევ ერთხელ თბილისში მოგვიწევს.
ყველა ბილეთი გაიყიდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჩვენს თამაშს 2-3 ათასი ადამიანი ესწრებოდა, ახლა კი ხალხის ტრიბუნაზე დაბრუნება მოვახერხეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს, ზაფხულში სტადიონებს ევროპის ჩემპიონატზეც გაავსებენ.
ახლა კი საქართველოსთან მატჩი გველის. ყაზახეთის შემდეგ ჩვენ, უბრალოდ, ვტკბებით ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით. თუმცა მომდევნო მატჩზე უახლოეს დღეებში შევხვდებით და იმედია, გულშემატკივრებს კიდევ უფრო მეტად გავახარებთ“, – ამბობს საბერძნეთის ნაკრების მეკარე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.