ოცწლამდე „ბორჯღალოსნები“ არგენტინასთან დამარცხდნენ #1TVSPORT
ოცწლამდე „ბორჯღალოსნები“ არგენტინასთან დამარცხდნენ #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოშში მიმდინარე ოცწლამდელთა საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ არგენტინას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა დიდი სხვაობით, ანგარიშით 82:10 დათმეს.

თამაშის საწყის 30 წუთში უპირატესობას საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ფლობდა, თუმცა „პუმიტებმა“ თავისი შანსები სრულად გამოიყენეს, ეპიზოდებში მეტოქის უყურადღებობით ისარგებლეს და სამი უპასუხო ლელო გაიტანეს. „ბორჯღალოსნების“ მხრიდან სამი ქულა გუნდის მგეზავმა, პეტრე ხუციშვილმა მოიპოვა და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 18 ქულიანი სხვაობით დათმეს (21:3).

მეორე ტაიმი საქართველოს ოცწლამდე გუნდმა კარგად დაიწყო და მოლით ლელოს დადებაც მოახერხა, თუმცა შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ ისევ სამხრეთ ამერიკელებმა იგდეს, ზედიზედ ოთხი იერიში დაასრულეს ლელოთი და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე უკვე 37 ქულიანი სხვაობით იგებდნენ (47:10). არგენტინელებს ამის შემდეგაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ოცწლამდე ნაკრების დაცვის ხაზი კი სრულად მოიშალა და „პუმიტებმა“ შეხვედრა ანგარიშით 82:10 მოიგეს.

ოთხ გუნდიან საერთაშორისო ტურნირზე სამხრეთ აფრიკის, საქართველოს, არგენტინის და ურუგვაის ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მომდევნო მატჩს 23 ივნისს ურუგვაის დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 28 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დაასრულებენ. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 3 ივლისს ფინალში, ხოლო დანარჩენი ორი გუნდი კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.