ობოაბონა ბათუმიდან წავიდა, მას აზაცკი ამჯობინეს
ობოაბონა ბათუმიდან წავიდა, მას აზაცკი ამჯობინეს

ბათუმის „დინამო“ ნიგერიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, გოდფრი ობოაბონამ დატოვა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გოდფრი ობოაბონამ ბათუმის „დინამო“ დატოვა, მას გუნდთან არსებული კონტრაქტი ამოეწურა. ჩვენი კლუბი ობის მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს და დინამოში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის“, – ვკითხულობთ ბათუმელთა ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნიგერიის ნაკრებში ნათამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე მცველი ბათუმის „დინამოში“ 2020 წლის იანვარში ჩაირიცხა და საქართველოში ჩამოსულ ლეგიონერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გახლდათ. მან 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ობოაბონა ოთხი წლის განმავლობაში გამოდიოდა ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში, სადაც სადებიუტო მატჩი 2012 წელს ჩაატარა, ხოლო შემდეგ ეროვნული გუნდის ფორმით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში ითამაშა. იყო ნიგერიის ნაკრებში აფრიკის ერთა თასზე (2013), კონფედერაციის თასსა (2013) და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. 2013 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული გახდა. სულ ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბათუმელებმა მისი დატოვება იმიტომაც არ სცადეს, რომ საქართველოს ვიცეჩემპიონი ახალი სეზონის წინ უკრაინელ მცველით, ოლეკსანდრ აზაცკით გაძლიერდა, რომელსაც ქართველი გულშემატკივრები ქუთაისის „ტორპედოდან“ იცნობენ. 26 წლის ცენტრალური მცველი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით 2018 და 2019 წლებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. რაც მთავარია, ის დაცვის ცენტრში მამუკა კობახიძესთან ერთად თამაშობდა და მასთან იმდენად კარგად შეთამაშდა, საქართველოში საუკეთესო დაცვის ცენტრი ჩამოაყალიბა. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც აზაცკი ობოაბონას ამჯობინეს.

უკრაინელი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. ის ბათუმის „დინამო“ ორწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა.

დატოვე კომენტარი