ნუნუ მიცკევიჩი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული აბიტურიენტებისთვის სპეციალურად დანიშნული საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო
ნუნუ მიცკევიჩი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული აბიტურიენტებისთვის სპეციალურად დანიშნული საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება, დამატებითი საგამოცდო სესიები განისაზღვრა ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაში სპეციალურად დანიშნულ საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო, რომელშიც 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ თითოეულ აბიტურიენტს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა, არ დარჩნენ გამოცდების მიღმა, არ გაუცდეთ სასწავლო წელი, რათა თანატოლებთან ერთად წარმატებული სტუდენტები გახდნენ.

უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები 27 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გამოცდებს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო 27-30 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები ჩააბარებენ.