ნუნიესის გოლით და შედეგიანი გადაცემით „ლივერპულმა“ „ფულჰემთან“ მატჩი გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ლივერპულმა“ ინგლისის ახალი ჩემპიონატი ორი ქულის დაკარგვით დაიწყო. იურგენ კლოპის გუნდი ორჯერ აგებდა დებიუტანტ „ფულჰემთან“, მაგრამ შეძლო ფრის (2:2) მიღწევა.
32-ე წუთზე ანგარიში გახსნა ლონდონელთა ფორვარდმა ალექსანდარ მიტროვიჩმა. სტუმრებმა 64-ე წუთზე გაათანაბრეს დებიუტანტ დარვინ ნუნიესის გოლით, რომელმაც შეცვლის შემდეგ 13 წუთში გამოიჩინა თავი. 72-ე წუთზე მიტროვიჩმა ისევ გაიყვანა წინ „ფულჰემი“. „ლივერპულმა“ რვა წუთში გაათანაბრა – ამჯერად, ნუნიესმა სალაჰს გაატანინა.
ფაქტები
* მოჰამედ სალაჰი პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ მეექვსე სეზონია პირველ ტურში შეძლო გოლის გატანა.
* სალაჰმა 158-ე გოლი გაიტანა „ლივერპულში“, რითაც გაუთანაბრდა მაიკლ ოუენს. ისინი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილს იყოფენ. მათზე წინ არიან – კენი დალგლიში (172), რობი ფაულერი (183), სტივენ ჯერარდი (186), ბილი ლიდელი (228), გორდონ ჰოჯსონი (241), როჯერ ჰანტი (285) და იან რაში (346).
* „ლივერპულმა“ იურგენ კლოპის მწვრთნელობისას 115 ქულა მოიპოვა იმ მატჩებში, რომლებშიც გუნდი მდევრის როლში იყო. ეს საუკეთესო შედეგია 2015 წლის შემდეგ, როცა „ლივერპულში“ გერმანელი სპეციალისტი მივიდა.
* დარვინ ნუნიესი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო მატჩში შეცვლიდან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მანამდე ეს შეძლეს სერხიო აგუერომ (2011-12) და ალვარო მორატამ (2017-18).
* ნუნიესს ბურთთან ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა მეტოქის საჯარიმოში (7), ყველაზე მეტი დარტყმა (4) და ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა (3). ეს ყველაფერი მან 39 წუთში მოასწრო. „ფულჰემის“ არც ერთ ფეხბურთელს ასეთი სტატისტიკა არ ჰქონია.
* „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ფეხბურთელი იყო 30 წელს ზემოთ. ასეთი რამ პირველად მოხდა 1994 წლის შემდეგ.
ფულჰემი-ლივერპული 2:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (32), 1:1 ნუნიესი (64), 2:1 მიტროვიჩი (72-პენ), 2:2 სალაჰი (80)
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ტიაგო ალკანტარა (51. ელიოტი), ფაბინიო (59. მილნერი), რობერტო ფირმინო (51. ნუნიესი), სალაჰი, დიასი (78. ფაბიო კარვალიო).