ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პარტიაში დღევანდელ შეხვედრაზე არავის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პარტიაში დღევანდელ შეხვედრაზე არავის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა.
„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. პარტიის თავმჯდომარესთან დეპუტატთა გარკვეული ჯგუფის შეხვედრა იყო. ეს იყო საქმიანი, გულწრფელი შეხვედრა, სადაც პირუთვნელი საუბარი ბევრ რამეზე მოხდა. არავინ არავის არ გარიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. სხვა მწვავე პრობლემები იყო, რომელზეც საუბარი გვქონდა.
პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. სასამართლოზე, განათლებაზე, კულტურაზე, მომავალზე იყო საუბარი“, – აღნიშნა ქანთარიამ.
ქანთარიამ არ დაუდასტურა ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ხმის მიცემისას ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირეს.
„ხალხს ისე რატომ იცნობთ, რომ ღილაკს ხელი დააჭირეს და შემთხვევით დაეჭირათ. ყველამ შეგნებულად გააკეთა. თემატური ერთობა იყო. წასვლა-მოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. პარტიის ლიდერი იყო ძალიან კონსტრუქციული, პრაქტიკული, საქმიანი“, – განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარიას თქმით, საუბარი გუშინდელ დღეზეც იყო.
„საუბარი დატუქსვის გარეშე მიმდინარეობდა, ადამიანური საუბარი იყო საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. სოციალ-დემკრტების ფრაქცია დაესწრნენ, თავისი პოზიციები აქვთ. ჩვენ ჩვენი წუხილები და პრეტენზიები გვაქვს ამ ყველაფერზე კონსტრუქციულ რეჟიმში იყო საუბარი“, – აღნიშნა ქანთარიამ.
კითხვაზე, ვინ ესწრებოდა შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოფისში, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რევაზ არველაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და ლევან კობერიძე.