ნუგზარ წიკლაური - უცხოეთში მცხოვრები ქართველები იკრიბებიან, რათა თქვან, რომ მათი სურვილია, დაბრუნდნენ საქართველოში და დაიბრუნონ საქართველო
ნუგზარ წიკლაური - უცხოეთში მცხოვრები ქართველები იკრიბებიან, რათა თქვან, რომ მათი სურვილია, დაბრუნდნენ საქართველოში და დაიბრუნონ საქართველო

უცხოეთში მცხოვრები ქართველები იკრიბებიან, რათა თქვან, რომ მათი სურვილია, დაბრუნდნენ საქართველოში და დაიბრუნონ საქართველო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს ლიეჟში განუცხადა.

„რაც აქ ხდება, არის ისტორიული მნიშვნელობის, როგორც პატრიოტული შინაარსის, ასევე მასშტაბის. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამ რაოდენობით ევროპის შუაგულში არასოდეს შეკრებილან. რაც შეეხება მეორე და უმთავრეს საკითხს, ყველამ კარგად იცის, რომ მილიონი ადამიანი არის გამოდევნილი საქართველოდან, ეკონომიკური კოლაფსის და ასევე პოლიტიკური ტერორის გამო, რაც ბოლო წლებში იქ არის. ეს ადამიანები იკრიბებიან დღეს აქ, რათა თქვან, რომ მათი სურვილია, დაბრუნდნენ საქართველოში და დაიბრუნონ საქართველო. ეს იქნება მსჯელობის თემა“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, იქნება თუ არა დღეს ალტერნატიულ მთავრობაზე მსჯელობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა. ყველა არის განწყობილი, რომ საქართველოში მშვიდობიანი ფორმით მოხდეს პროცესები. ყველა კარგად ვხედავთ, რომ შვიდი წლისთავზე სრულად არის გაკოტრებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოში, ამიტომ კონსტიტუციური მეთოდებით გამოყენებული იქნება ის ფორმები, რომლის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი. თუ ვინმე არის წინააღმდეგი ნებისმიერი ძალადობის, ეს არის სწორედ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ მიერ განხორციელებული ძალადობა ყველამ ვნახეთ გასული წლების განმავლობაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება ლიეჟში გია უდესიანისა და დათა ახალაიას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს „ფეიკნიუსი“ იყო.

„გაავრცელეს ფეიკნიუსი, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ ღონისძიებას. ისინი ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში და როგორც ვიცით, დღეს აქ არ იქნებიან“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.