ნუგზარ წიკლაური - სიგიჟე, რაც მოვისმინეთ ქილერებზე, მთვარიდან რაკეტების სროლაზე, მოახლოებული მარცხის შიშის გამოხატულებაა
ნუგზარ წიკლაური - სიგიჟე, რაც მოვისმინეთ ქილერებზე, მთვარიდან რაკეტების სროლაზე, მოახლოებული მარცხის შიშის გამოხატულებაა

სიგიჟე, რაც ჩვენ მოვისმინეთ ქილერებზე, მთვარიდან რაკეტების სროლაზე და ასე შემდეგ მოახლოებული მარცხის შიშის გამოხატულებაა, – ასე შეაფასა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს ფრაზები: „საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე დამარცხების ეშინია, რის გამოც მსგავს ინფორმაციებს ავრცელებს.

„ეს არის ბოდვა მოახლოებული მარცხის წინ. გონების სრული დაბნელება და ინტელექტუალური კოლაფსი, რადგან ყველამ კარგად იცის და „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე კარგად იციან, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორ უსმენენ ყველას, როგორ უტევენ ეკლესიას, ჟურნალისტებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, მათ აღარ აქვთ არანაირი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების. ეს სიგიჟე, რაც ჩვენ მოვისმინეთ ქილერებზე, მთვარიდან რაკეტების სროლაზე და ა.შ. არის გამოხატულება სწორედ იმ შიშის და მოახლოებული მარცხის. შეუძლებელია ამის კომენტირება, ეს არ არის ადეკვატური ადამიანის ნააზრევი, ეს არის სრული დაბნელება და გონების სრული კოლაფსი. განმარტოს, ილაპარაკოს, ვინ თქვა, რა თქვა, როგორ თქვა, ეს ხომ მათი ვალდებულებაა, როდესაც გამოდიან და მილიონობით ადამიანს მართლა ამ არანორმალურობას უყვებიან.

შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ამოცანა არის შფოთი და დაპირისპირება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ახლა არის, შემდეგი სამი კვირა იყოს სამაგალითოდ მშვიდი, რომ არჩევნების გზით დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელსაც გარდა ვნებისა, ქართული საზოგადოებისათვის არაფერი მოუტანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, ჩვენი ასობით ადამიანი ხვდება უამრავ მხარდამჭერს და ჩვენ გვაქვს არჩეული ამ არჩევნებში გამარჯვების ჩვენი სტრატეგია. „ქართულმა ოცნებამ“ უმჯობესია, თავიანთ სტრატეგიას და საქმეს მიხედოს, მთელი ქვეყანა გადააქციეს დაკვირვების ობიექტად. ყველა ადამიანს, მეგობარს მეგობრისთვის ვერ მიუწერია, დედას შვილისთვის ვერ უთქვამს. ყველაზე უფრო დიდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას პირდაპირ ულახავენ სუვერენიტეტს, ვგულისხმობ ეკლესიას. ახლა უკვე გამოჩნდა, რომ დიპლომატებსაც უსმენენ, ამერიკის, გერმანიის, ისრაელის დიპლომატებს უსმენენ. გიჟური რბოლაა მოსმენების. საიდან რამ უნდა გამოჟონოს, ვინმემ არ იცის, ახლა რომ უთვალთვალებენ ყველა ოფისს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.