ნუგზარ წიკლაური - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მთლიანად ოპოზიციის გეგმებშია ხვალ მასობრივი აქციის ჩატარება
ნუგზარ წიკლაური - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მთლიანად ოპოზიციის გეგმებშია ხვალ მასობრივი აქციის ჩატარება

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მთლიანად ოპოზიციის გეგმებშია ხვალ მასობრივი აქციის ჩატარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მთელი მსოფლიოს თვალწინ გავაპროტესტოთ ის ვაკხანალია, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს მოაწყო“, – განაცხადა წიკლაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, რადგან სხვა პოლიტიკური ჯგუფები სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ გეგმავენ, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და განცხადებას გაუგებრობა ამიტომ მოჰყვა. 

„აქ საუბარი არ არის მოქალაქეებზე, რომლებიც მიდიან და ხმას აძლევენ რომელიმე, თუნდაც, სამთავრობო პარტიას. აქ ლაპარაკია ცესკო-ს წარმომადგენლებზე და სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებმაც ქართველი ხალხის უფლება უხეშად შელახეს. ასეთები არიან პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები. ამათ მიმართ არის სირცხვილის კორიდორებზე საუბარი“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს ესმით, რომ არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული და ქართველი ხალხის ხმები მიტაცებულია.

„მათ სწორედ ამიტომ გამოთქვეს ამგვარი მედიაციის სურვილი. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი. იმედია, ხელისუფლება დაინახავს ქართველი ხალხის პროტესტს და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას; მათ შორის, დაინახავს მაიკ პომპეოს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობა ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში საქართველო შეძლებს, კვლავ დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. თუ ეს არ იქნება, ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის ამარა დარჩება“, – განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ განმარტავს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჩამოსვლასთან დაკავშირებით და რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან მისმა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ ის ჩამოვიდეს, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ძალიან შორს, როცა ბიძინა ივანიშვილსა და პროკურატურას მისი დაჭერა მოუნდება და იქნება ძალიან ახლოს, როცა ამას ქართველი ხალხის საჭიროებები მოითხოვს.