ნუგზარ წიკლაური - ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევდი, არც ერთი განცხადებით ან მოქმედებით ბზარი არ შეიტანონ ოპოზიციურ ერთობაში
ნუგზარ წიკლაური - ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევდი, არც ერთი განცხადებით ან მოქმედებით ბზარი არ შეიტანონ ოპოზიციურ ერთობაში

ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევდი, არც ერთი განცხადებით ან მოქმედებით ბზარი არ შეიტანონ ოპოზიციურ ერთობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს ოპოზიციის ერთობას და საერთო მიზნის მიღწევას.

„ასეთი მდარე პოლიტიკური განცხადებები ხელს არ უწყობს არც ოპოზიციის ერთობას და არც საერთო მიზნის მიღწევას. ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს თავისი მკაფიო პოზიცია და პლატფორმა, რომელიც შესთავაზა ხელისუფლებას. ჩვენ ახლა ველოდებით მთავრობისგან საპასუხო შემოთავაზებას, არის თუ არა თანახმა, რომ ჩატარდეს არჩევნები და ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული ისე, როგორც გამოთქვამს ხალხი ამ ნებას. ნებისმიერი მცდელობა, აქედან გადაიტანონ ყურადღება, არავითარ შედეგს არ მოიტანს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება არ მოხდება მედიატორებთან ერთად, საქართველოში შენარჩუნდება მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უფრო გაღრმავდება და საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას მიიყვანს უმძიმეს შედეგამდე. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კი ვურჩევდი, რომ ყველაფერი გააკეთონ ერთიანობისთვის და არც ერთი განცხადებით ან მოქმედებით ბზარი არ შეიტანონ ოპოზიციურ ერთობაში. თუ ვინმეს სურს პარლამენტში შესვლა, შეუძლია, შევიდეს. ახლა ამ ერთპარტიული პარლამენტისგან მრავალპარტიული პარლამენტი მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გამოვა. როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ განაყოფი შევიდა, ამან რეალურად ვერაფერი შეცვალა. ჩვენ ერთგული ვრჩებით ოპოზიციური პლატფორმის, ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც აქ არის და რაც მთავარია, გამოხატავთ ჩვენი ხალხის ნებას, რომელიც არ შეეგუება გაყალბებულ არჩევნებს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

დატოვე კომენტარი