ნუგზარ წიკლაური – რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ტერორის მიუხედავად, გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის მასშტაბი არის გაზრდილი

12:47, 27.05.2026

მიუხედავად იმ პოლიტიკური ტერორისა, რომელსაც რეჟიმი ახორციელებდა ოპოზიციის წინააღმდეგ, გუშინდელმა დღემ ყველას დაგვანახა, რომ ამ წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური მასშტაბი არის გაზრდილი და ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის, პირველ რიგში, ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება და თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

„ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და 26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღე აღმოჩნდა ის ტრიგერი, რომელმაც ქართველ ხალხს უთხრა, რომ ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა და იმ სურვილებისა თუ მიზნების გახმოვანების, რომლებიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას. რაც შეეხება ამ კამპანიას – „საქართველო იმსახურებს უკეთესს”, ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია უამრავი შეხვედრა, მათ შორის ახალი და დიდი აქციების დაანონსება და ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ მოწოდება, რომ სანამ არ იქნება ახალი არჩევნები. მანამდე ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და არ შეწყდება მანიფესტაციები. გაუტეხლობით, პრინციპულობით, იმ მიზნებისადმი ერთგულებით, რომელიც ქართველ ხალხს აქვს, ეს მიიღწევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების როლი. რუბიოს განცხადება ვნახეთ, რომ იგი ქართველ ხალხს მიმართავს და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს“, – განაცხადა წიკლაურმა.

მსგავსი