ნუგზარ თინიკაშვილი - სამწუხაროდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ორშაბათამდე მოლოდინი არ არის
ნუგზარ თინიკაშვილი - სამწუხაროდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ორშაბათამდე მოლოდინი არ არის

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ორშაბათამდე სიახლის მოლოდინი არ არის, – ამის შესახებ ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში დასვენების დღეა.

„ოჯახის და ჩემი პოზიციაც თანხვედრაშია, რომ ორშაბათამდე, ოთხი დღე ცხინვალში არის დასვენებად გამოცხადებული და შესაბამისად, სამწუხაროდ, ორშაბათამდე მოლოდინიც აღარ არის რაიმე სიახლის.

რა თქმა უნდა, ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. მოლოდინი არის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შედეგი არ არის“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მუშაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია აქვს.

„როგორც ადრე აღვნიშნე, მათ ყველანაირი ინფორმაცია გააჩნიათ, თუ რა მექანიზმებია ჩართული ამ საკითხის გადაწყვეტაში. სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს, რადგან კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა თინიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ოჯახისთვის ჯერ არ გადაუციათ.