ნუგზარ ბოლქვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გეგმა, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება
ნუგზარ ბოლქვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გეგმა, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება

ამბროლაურის კლინიკაში უკვე დაემატა ექიმი-ქირურგი და რეანიმატოლოგი, ასევე ადგილზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი, – განაცხადა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბოლქვაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება, მათ შორის საუბარია ნეონატოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე.

„რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალური სექტორის, რეფერალური დახმარების, საბაზისო სერვისების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. ამბროლაურში უკვე განთავსდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი. რაც შეეხება ონს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაბორატორიული ულტრათანამედროვე სამსახურის შექმნისათვის, რაც დასრულდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენი დაუყოვნებლივი მოქმედებების შედეგია ის, რომ გუშინ ამბროლაურის კლინიკაში წარმატებით ჩატარდა ორი გადაუდებელი ოპერაცია და პაციენტები ადგილზე რჩებიან, არ დასჭირდათ სხვაგან გადაყვანა,“ – განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამბროლაურში ამ დრომდე რეანომობილი არ იყო.

ნუგზარ ბოლქვაძის განმარტებით, ახლა იქ მუდმივად იქნება ერთი რეანომობილი, რომელიც რაჭას მთლიანად ფარავს.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა იმ რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც რაჭაში გამოვლინდა“, – აღნიშნა ნუგზარ ბოლქვაძემ.