„ნუ იორკ თაიმსი“ - 2022 წელს რუსეთში, დასავლური სანქციების მიუხედავად, მილიონობით დოლარის ღირებულების საავიაციო ნაწილები შევიდა
„ნუ იორკ თაიმსი“ - 2022 წელს რუსეთში, დასავლური სანქციების მიუხედავად, მილიონობით დოლარის ღირებულების საავიაციო ნაწილები შევიდა

2022 წელს რუსეთში, დასავლური სანქციების მიუხედავად, მილიონობით დოლარის ღირებულების საავიაციო ნაწილები შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნუ იორკ თაიმსი“ რუსეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში შეიტანეს 14,4 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის. აქედან 9 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგის“ ნაწილები იყო იმის მიუხედავად, რომ ავიამწარმოებელმა „ნიუ-იორკ თაიმსს“ განუცხადა, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთთან ბიზნესს აღარ აწარმოებს.

რუსეთში საავიაციო ნაწილების უკანონოდ შეტანის სქემასთან დაკავშირებით 11 მაისს არიზონაში დააკავეს რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და ვასილი ბესედინი. მათ ბრალი წაუყენეს აშშ-ის საექსპორტო კანონის დარღვევასა და ფულის გათეთრებაში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი სანქციების გვერდის ავლით ყიდულობდნენ მიმწოდებლებისგან სათადარიგო ნაწილებს და შემდეგ ჰყიდდნენ მათ რუსულ ავიაკომპანიებზე. რუსეთში უკანონოდ შეტანილ სათადარიგო ნაწილებს იყენებდნენ სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „რასია“, „პობედა“, „ურალი“, UTair-ი და S7 Airlines-ი.

გამოცემის ცნობით, საავიაციო ნაწილების ტრანსპორტირება ხდება ისეთი ქვეყნების გავლით, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი, მალდივის კუნძულები.

ამასთან, საბაჟო დოკუმენტების თანახმად, ზოგიერთი მათგანის რუსეთში ჩატანა მოხდა პირდაპირ აშშ-დან და ევროპიდან.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რუსეთში შეტანილ პროდუქციას შორის იყო საავიაციო ნაწილები იაფფასიანი ჭანჭიკებიდან დაწყებული და „ბოინგ 737“-ის ძვირადღირებული სამუხრუჭე სისტემით დამთავრებული.