მოგებით დაიწყო როლან გაროსი მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და 2016 წლის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა 2 საათსა და 5 წუთში დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო ბრაზილიელ როჟერიუ დუტრა სილვას – 6:3, 6:4, 6:4. თუმცა, ჯოკოვიჩს ჰქონდა მატჩში უსიამოვნო მომენტები – სამივე სეტში თითოჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, პირველ ორ სეტში კი 0:2 ჩამორჩა. ნოვაკს მხოლოდ ერთით მეტი “ვინერსი” ჰქონდა, ვიდრე უნებლიე შეცდომა – 37 36-ის წინააღმდეგ.
სერბმა როლან გაროსზე მე-60 მატჩი მოიგო და ზედიზედ მეთოთხმეტედ გავიდა მეორე რაუნდში.
ჯოკოვიჩს ვერ მიბაძა კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ, რომელმაც სამსაათნახევრიანი მარათონი წააგო ესპანელ გილერმო გარსია ლოპესთან.
ვავრინკას ამ ჩოგბურთელთან პირადი ანგარიშები ჰქონდა, რადგან 2014 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის რანგში, პირველივე წრე დათმო ესპანელთან როლან გაროსზე.
მაგრამ რევანში არ შედგა: გარსია ლოპესმა 44 “ვინერსი” დააგროვა, პირველი მოწოდებით ქულების 75 პროცენტი მოიგო და ხუთ სეტში გაიმარჯვა – 6:2, 3:6, 4:6, 7:6(5), 6:3.