ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონაკოს „მასტერსი“ მოგებით დაიწყო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონაკოს „მასტერსი“ მოგებით დაიწყო

მონტე კარლოში გრუნტის სეზონის პირველი დიდი ტურნირი – მონაკოს „მასტერსი“ დაიწყო.
პირველ სათამაშო დღეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მატჩი ყველაზე საინტერესო იყო. სწორედ მონაკოს „მასტერსმა“ უნდა აჩვენოს – რამდენად ახერხებს ძველი ფორმის დაბრუნებას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ჯოკოვიჩმა პირველი მატჩი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა – 58 წუთში 6:0, 6:1 გაანადგურა თანამემამულე დუშან ლაიოვიჩი. ნოვაკმა შეხვედრა ზედიზედ შვიდი გეიმის მოგებით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ დათმო ერთადერთი გეიმი. ლაიოვიჩს პირველ სეტში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, მეორეში ოთხი შანსი მიიღო, მაგრამ ჯოკოვიჩმა ყველა საფრთხე მოიგერია, თავად კიდევ ორი ბრეიკი შეასრულა და მეორე წრეში გავიდა.

ნოვაკს პირველი მოწოდების სიზუსტე 62 პროცენტი ჰქონდა, მოგებული ქულების პროცენტი – 82. მეორე მოწოდებაზე ეს მაჩვენებელი 53 პროცენტს უდრიდა.
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება.