ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მერვედფინალშია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მერვედფინალშია #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მერვედფინალში გავიდა. სერბმა სამ სეტში მოუგო კლასიფიკაციის 114-ე ნომერს, ამერიკელ დენის კუდლას – 6:4, 6:3, 7:6(7).

ნოვაკს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. პირველ სეტში სერბმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მეათე გეიმში გამოიყენა, მეორე სეტის სტარტზე ორჯერ ბრეიკით დაწინაურდა, რასაც კუდლამ ერთხელ უპასუხა უკუბრეიკით. ყველაზე დაძაბული ბრძოლა მესამე სეტში იყო. ამერიკელმა ბრეიკით 2:0 წაიყვანა ანგარიში. ჯოკოვიჩმა მეშვიდე გეიმში შეასრულა საპასუხო ბრეიკი და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-ს იგებდა. ჯოკოვიჩმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და მალე მატჩბოლი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა. შემდეგ სეტბოლი მიიღო კუდლამ და ვერც მან შეძლო ამ შანსის გამოყენება. საბოლოოდ, 8:7-ზე სერბმა მინი-ბრეიკი შეასრულა და მე-13 გეიმი 9:7 მოიგო.

ჯოკოვიჩმა მხოლოდ რვა ეისი ჩააწოდა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 88 პროცენტი აიღო, მეორეთი – მხოლოდ 50. სერბმა 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, კუდლამ – ოთხიდან ორი.

მერვედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ჩილელი კრისტიან გარინი იქნება.

დატოვე კომენტარი