საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასრულდა ATP-ის 1000 ქულიანი მასტერსი, რომლის გამარჯვებულიც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.
ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიქის შესრულება მეშვიდე გეიმში მოახერხა.
მეორე სეტში სერბი სრულ უპირატესობას დაეუფლა. სეტის განმავლობაში ორჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, თავისაზე კი დიმიტროვს არაფრის გაკეთების შანსი არ მისცა.
პარიზის მასტერსი მე-40 1000 ქულიანი ტურნირია, რომელიც ჯოკოვიჩმა კარიერაში მოიგო. 12-19 ნოემბერს სერბი ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ტურინი მასპინძლობს.