ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ახალი ბურთებით უკმაყოფილოა და სხვა ჩოგბურთელების პროტესტს უერთდება #1TVSPORT
მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები უკმაყოფილოები არიან მამაკაცთა და ქალთა პროფესიული ტურების მიერ შეთავაზებული ახალი ბურთებით. სათამაშო ბურთებისადმი პროტესტი პირველად გასტაო ელიასმა გამოთქვა, რომელმაც ATP-ის (მამაკაცთა პროფესიული ტური) ფიზიოთერაპევტის მომსახურებისთვის ფული მოსთხოვა.
ელიასი თვლის, რომ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული ახალი ბურთები თამაშისას ტრავმების რისკს სერიოზულად ზრდის, რაც მან უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.
პროტესტი გამოთქვეს დანიილ მედვედევმა და ალექსანდრ ზვერევმაც. მათი განცხადებით, ახალი ბურთები დიდი ზომისაა, ფუმფულა და რბილი, რის გამოც გათამაშებების ხანგრძლივობა იმატებს, ქულის მოგების შანსი იკლებს და ტრავმების რისკიც იზრდება.
წამყვანი მოთამაშეების პროტესტს შეუერთდა ნოვაკ ჯოკოვიჩიც. მსოფლიო რეიტინგის ლიდერის განცხადებით, ახალი ბურთებით ასპარეზობისას მაჯის, მხრისა და იდაყვის ტრავმის ალბათობა იზრდება. სერბი მიიჩნევს, რომ თავად ჩოგბურთელები უნდა წყვეტდნენ, როგორი ბურთებით სურთ კორტზე გასვლა.
ATP-ისა და WTA-ის ახალ ბურთებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.