ნოვაკ ჯოკოვიჩი - აშშ-ის ღიას მაქსიმალური კონდიციებით ვხვდები #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - აშშ-ის ღიას მაქსიმალური კონდიციებით ვხვდები #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობის წინ თავის მოლოდინზე ილაპარაკა. ტურნირი 30 აგვისტოს დაიწყება და სერბი პირველ წრეში 18 წლის დანიელ ჰოლგერ რუნეს შეხვდება.

„დასვენებისთვის ბევრი დრო მქონდა. თითქმის ერთი თვეა არ მითამაშია, რაც ძალიან ბევრია ჩოგბურთელისთვის. ეს დრო სასარგებლოდ გამოვიყენე და მზად ვარ წელი კიდევ ერთი გამარჯვებით დავასრულო.

რა თქმა უნდა, ვიცი რა შესაძლებლობები იხსნება ჩემს წინაშე. ძალიან მოტივირებული ვარ საუკეთესო ჩოგბურთის საჩვენებლად. ორიენტირებული ვარ ჩემს ოცნებაზე – „დიდი სლემის“ მოგებაზე.

რაფა ნადალისა და როჯერ ფედერერის არყოფნაში, ბადეში მაინც არიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც უდიდეს შედეგებს აჩვენებენ – ზვერევი, მედვედევი და ციციპასი. ეს არის სამი ძირითადი პრეტენდენტი ტიტულზე.

არ ვიტყვი, რომ უნდა მოვიგო ან ახლა ან არასოდეს, ვფიქრობ, კიდევ მექნება „დიდი სლემის“ ტურნირების მოგების შანსი. მაგრამ არ ვიცი, კიდევ მომეცემა თუ არა შესაძლებლობა – შევაგროვო კალენდარული „დიდი სლემი“. ეს უნიკალური შანსია, მაგრამ, ამავდროულად, დამატებითი ზეწოლა არ მჭირდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ზეწოლა მაძლიერებს. კარიერის განმავლობაში ასე არა ერთხელ მომხდარა. ზეწოლა – პრივილეგიაც კია ჩემთვის“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურს.

სერბმა ჩოგბურთელმა ამ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო და კალენდარული „დიდი სლემის“ შესაგროვებლად აშშ-ის მოგება სჭირდება.