ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია - სერბმა კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
წლის მეოთხე დიდი სლემის ტურნირი ამერიკის ღია პირველობა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მან დანიილ მედვედევი სამ სეტში, 6:3, 7:6 (5), 6:3 დაამარცხა.
ფინალური მატჩი ჯოკოვიჩის უპირატესობით დაიწყო, მან პირველივე გეიმებში მოიპოვა უპირატესობა და სეტი ადვილად მოიგო. შეხვედრაში გადამწყვეტი იყო მეორე სეტი, რომელიც საათისა და 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვერცერთი ჩოგბურთელი ახერხებდა მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღებას, საბოლოოდ ტაიბრეიქზე ჯოკოვიჩმა 7:5 გაიმარჯვა და სეტებში 2:0 დაწინაურდა.
მესამე პარტიაში სერბმა კიდევ უფრო მოუმატა ტემპს, ორი ბრეიქი შეასრულა და უპირატესობა სეტის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.
ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მეოთხე ჩემპიონობაა ამერიკის ღია პირველობაზე (2011,2015,2018,2023), ხოლო, ჯამში, მას 24 მოგებული დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა, რითიც მარგარეტ კორტს გაუთანაბრდა. მომდევნო გამარჯვება დიდ სლემზე სერბს ერთპიროვნულ რეკორდსმენად აქცევს ერთეულთა თანრიგში (მამაკაცთა და ქალთა შორის) მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით.
მიმდინარე წელს 36 წლის ჩოგბურთელმა ყველა მთავარი საჩოგბურთო ტურნირის (ავსტრალიის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი, ამერიკის ღია პირველობა) ფინალში ითამაშა და მხოლოდ უიმბოლდონზე დამარცხდა.
მედვედევთან გამარჯვების შემდეგ ჯოკოვიჩმა ჩაიცვა მაისური, რომელზეც კობი ბრაიანტი და რიცხვი 24 იყო გამოსახული. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონობას ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს უძღვნიდა.